ადვოკატის ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს. კერძოდ, ახალციხის კლინიკაში მედიკოსების გამოკითხვას და ამავე კლინიკიდან ექთნის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვას. ამ შუამდგომლობით ოჯახის ადვოკატი პროკურატურას დღეს მიმართავს.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ოჯახმა უკვე მიიღო სამედიცინო ისტორია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, ეს ინფორმაცია მათთვის საკმარისი არ არის.

ასევე ოჯახი ელოდება სამედიცინო ექსპერტიზას, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს. თუმცა ადვოკატმა სამხარაულის ექსპერტიზას მიმართა, რომ შეძლებისდაგვარად ამ ექსპერტიზის ჩატარება დაჩქარებულ ვადებში მოხდეს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სავარაუდოდ მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე „იმედის“ კლინიკაში გარკვეული კვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მედიკამენტების მიღება დაიწყო. ოჯახს აინტერესებს, კონკრეტულად რა სახის კვლევებზე და მედიკამენტებზეა საუბარი.

„გადმოგვეცა პროკურატურის ხელთ არსებული ინფორმაცია, რამდენიმე გამოკითხვის ოქმი. ასევე სამედიცინო ისტორია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან. თუმცა, ეს ინფორმაცია სრულიად არასაკმარისია. ჩვენ გვჭირდება ახალციხიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. პროკურატურას აქვს გამოთხოვილი და ჩვენც გდმოგვეცემა. ასევე, დღეს პროკურატურას მივმართავთ და ვთხოვთ ახალციხეში გარკვეული მოწმეების დაკითხვას. ასევე მოვითხოვთ ორი სისხლის ნიმუშზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას. ერთი სისხლის ნიმუში იქ არის აღებული, ერთი აქ, საუნივერსიტეტოში. დოკუმენტში რაც გადმოგვცეს, იკითხება რაღაც ინფორმაციები, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ის კომპლექსურად უნდა იყოს შესწავლილი ახალციხის სამედიცინო ისტორიასთან ერთად. ეს უფრო მოგვცემს ფართო სურათს, რომ ამ ეტაპზე გარკვეული დასკვნები მაინც გავაკეთოთ.

ამასთან, როგორც იცით, ველოდებით სამხარაულის დასკვნას. გარკვეული დრო ნამდვილად სჭირდება, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვთხოვთ ბიუროს, უმოკლეს ვადებში მოამზადოს ეს დასკვნა. მთლიანობაში უკვე გვექნება რაღაც სურათი და გვეცოდინება, რა პრობლემებს ჰქონდა ადგილი და რამ გამოიწვია ფატალური შედეგი. არ შეიძლება ისრები მიმართული იქნას რამდენიმე ადამიანის მიმართ, თუ ეს უფრო ფართო ხარვეზი და ფართო პრობლემა იქნება. ოჯახს ბევრი კითხვა აქვს. როდესაც მეუღლე კლინიკაში მივიდა, მეგი დახვდა ზეწარგადაფარებული და ამასთან დაკავშირებითაც ინტერესი გვაქვს“, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითელავის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
შემდეგი სტატიალევან ანთაძემ დათა ვანიშვილის ოჯახს მავთულხლართებთან მიუსამძიმრა