ადვოკატის ინფორმაციით, ანზორ შარმაიძემ პროკურატურაში გარკვეული სახელები და გვარები დაასახელა

ადვოკატის ინფორმაციით, ფრედი ვუდროფის საქმეზე გასამართლებულმა ანზორ შარმაიძემ პროკურატურაში გარკვეული სახელები და გვარები დაასახელა.

ანზორ შარმაიძე მისი მოთხოვნით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა,რომელიც შარმაიძის მიმართ წლების წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერებას სწავლობს. შარმაიძემ, რომელმაც ვუდროფის მკვლელობის ბრალდებით 15-წლიანი სასჯელი მოიხადა, მედიასთან გამოკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა.

მან მხოლოდ ის თქვა, რომ ვუდროფი არ მოუკლავს და სრულად უდანაშაულოა.

ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რა ურთიერთობა აქვს მას ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრ ელდარ გოგოლაძესთან, რომელიც იმ ავტომობილში იჯდა, სადაც ვუდროფი მოკლეს, შარმაიძემ განმარტა, რომ გოგოლაძე მის დაკავებაში მონაწილეობდა და სწორედ იმ დროს შეხვდა.

დღესვე ადვოკატმა შარმაიძის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა, თუმცა არჩილ ბერიანიძის თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყება გამოკითხვაზე დაიბარებს ყველა იმ პირს, რომლებიც შარმაიძემ დღეს საგამოძიებო უწყებაში დაასახელა, მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდეგ კი არჩილ ბერიანიძე იმედოვნებს, რომ ანზორ შარმაიძეს დაზარალებულად ცნობენ.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თანამშრომლის, ფრედი ვუდროფიs მკვლელობა მცხეთის შემოსასვლელთან 1993 წელს მოხდა. როგორც ცნობილია, ფრედი ვუდროფი საქართველოში უსაფრთხოების სამსახურის გასაწვრთნელად იმყოფებოდა. მისი მკვლელობის ბრალდებით, 1994 წელს სამხედრო პირი ანზორ შარმაიძე დააკავეს, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: გამოიყოფა ნახევარი მილიონი ლარი, რათა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებული პირისთვის ბრალის დამძიმების შესახებ განცხადებას ავრცელებს