ადვოკატი – სპეცოპერაციისას სამართალდამცველები დაკავებულებს ეკითხებდონენ, მიდიოდნენ თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე

საქართველოში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე მათი დაკავების პოლიტიკურ ვერსიას არ გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ, ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი როსტომაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, სპეცოპერაციისას სამართალდამცველები დაკავებულებს ეკითხებდონენ, მიდიოდნენ თუ არა გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე. „როგორც კი სამართალდამცველები მათთან შევიდნენ, პირველივე შეკითხვა, რაც მათ ჰქონდათ, იყო ის, თუ რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიდიოდნენ თუ არა აქციაზე. აქციაზე არ ყოფილან, მათი დაკავება დილით მოხდა. სიმართლე გითხრათ, რას აპირებდნენ ვერ გეტყვით, შესაძლოა, ხალხმრავალ ადგილზე გასულიყვნენ, მაგრამ განზრახვა და მიზანი, რომ იქ მისულიყვნენ, არც ერთს ჰქონია.

რამდენიმე ვერსია აქვთ, თუ რის გამო დააკავეს. დღეს უკვე არ გამორიცხავენ პოლიტიკურ ვერსიას, რადგან აქციაზე მითითება იყო. უკრაინაზეც ფიქრობენ, იქ ვინმესთვის პრობლემას ხომ არ წარმოადგენენ, მაგრამ საქართველოში მათ გაწირვას უფრო საქართველოს უკავშირებენ“, – აცხადებს როსტომაშვილი.

მისივე განმარტებით, ბრალდებულებს პირის ღრუ დაუთვალიერეს, რის გამოც ეჭვობენ, რომ შესაძლოა, მათი ბიოლოგიური მასალა ამოღებულ საბრძოლო მასალასა და ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩნდეს.

„ყველა ბრალდებულმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ და დაკავებისას მათ პირის ღრუ გაუსინჯეს იმ მოტივით, რომ რამე მჭრელი ნივთიერება ხომ არ ჰქონდათ პირში. ეს ეჭვს იწვევს, ვინაიდან ხელთათმანით ბიოლოგიური მასალის აღება მიზანმიმართული შეიძლება იყოს. ამას თვითონვე ფიქრობენ, რატომ მოხდა. საერთო აზრი ჩამოყალიბდა, ჩვენი დნმ გამოყენებული იქნება იმ იარაღზე, ან საბრძოლო საშუალებაზე, რაც ამოიღესო. ასევე, ერთ-ერთმა დაკავებულმა დაინახა, ჩანთა როგორ გადააადგილეს და რაღაცას როგორ დებდნენ ჩანთაში. მათივე გადმოცემით, ჩანთები არ გაჰქონდათ დერეფანში, სადაც კამერებია დაფიქსირებული, შეჰქონდათ გვერდით ოთახში. როცა მათთან შევიდნენ და გააღვიძეს, ჰკითხეს, რომელი ჩანთა ვის ეკუთვნოდა. ეს ცოტა გაურკვეველია, ვინაიდან შემთხვევის ადგილი ყველასთვის ერთი იყო, როგორც ბრალია აწყობილი“, – აცხადებს როსტომაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ვიზიარებ ნიკა რურუას ოჯახის მწუხარებას
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღით შეიზღუდება