ადვოკატი – საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად ლოგიკურია, გიორგი ჭანტურიას სახლში ორჯერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ამავე სახლში იპოვონ ავტომატები, ვაზნები და მჭიდები

საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად ლოგიკურია, გიორგი ჭანტურიას სახლში ორჯერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, ამავე სახლში იპოვონ ავტომატები, ვაზნები და მჭიდები – ეს განცხადება, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა გააკეთა.

ლექსო კობაიძის თქმით, სამწუხაროდ, სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა ბრალდების მხარემ, ვინაიდან გიორგი ჭანტურია დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მისივე განცხადებით, ჭანტურიას დაკავება, სრული უკანონობაა.

უფლებადამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაცვის მხარის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

“მე ძალიან გაოგნებული ვარ, ისევე როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. სამწუხაროდ, სასამართლო ბრმა იარაღად გამოიყენა ბრალდების მხარემ, ვინაიდან გიორგი ჭანტურია დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რაც მე ვფიქრობ, სრული უკანონობაა. ეს ადამიანი არ ემალებოდა გამოძიებას, არ გარბოდა არსად, არ ახდენდა მოწმეებზე ზემოქმედებას და შესაბამისად, მზად იყო ნებისმიერი კითხვისთვის ეპასუხა და ასევე ის ღია იყო ყველასთვის, მით უმეტეს საგამოძიებო ორგანოსთვის. თუმცა სამწუხაროდ, ასე ჩუმად, მაინც მოხდა მის წინააღმდეგ დაკავების განჩინების გამოტანა და სამწუხარო ის არის, რომ ამაში სასამართლომ მონაწილეობა მიიღო. დარწმუნებული ვარ, რეალური არანაირი საფუძველი არ იქნება მისი დაკავებისთვის. ადამიანს აკავებენ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და მერე გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით შედიან მის სახლში და შემთხვევით ნახულობენ სამ ავტომატს, 500 ვაზნას და 21 მჭიდს. მე არ ვამბობ, რომ ჩაუდეს ან ციდან ჩამოფრინდა. საზოგადოებამ გასცეს პასუხი, რამდენად ლოგიკურია ეს ყველაფერი, როდესაც 7 თვის წინ მის სახლში ორჯერ ტარდება ჩხრეკა, ვერაფერს ნახულობენ და 7 თვის მერე, ასეთ საქმეზე, როცა პირმა იცის, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა რამე მოიმოქმედონ, თურმე მერე სამ ავტომატს პოულობენ. ამ კითხვებს საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე ღიად დავტოვებ, რადგან სამწუხაროდ, მე ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადმომეცა”, – განაცხადა კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს – კახა კუკავა
შემდეგი სტატიაადვოკატი : მალხაზ კობაური არათუ მკვლელი, არამედ საქმის მთავარი მოწმეა