ადვოკატი – „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა

თბილისში, ავლაბრის მეტროსთან, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ნიკოლოზ წურწუმია ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული არ ყოფილა და სავარაუდოდ, იარაღის ნაწილში ბრალს არ წარუდგენენ, – ამის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, ნიკოლოზ წურწუმიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ განაცხადა.

ადვოკატის მტკიცებით, იარაღი, რომელიც თავდასხმის მომენტში წურწუმიას ჰქონდა, პნევმატურია და არა ცეცხლსასროლი.

რაც შეეხება თავდასხმის მოტივს, ადვოკატი ამბობს, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკში შესვლა წურწუმიამ პროტესტის უკიდურესი გამოხატვის მიზნით გადაწყვიტა და შესაბამისად, მძევლების აყვანის პერიოდში, არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია. ეს გარემოებები კი, ადვოკატის თქმით, ახალი გამოძიების საფუძველს იძლევა და თუ კი გამოძიება დაიწყება თავდასხმის მოტივზე, ის დეტალურად სამომავლოდ ისაუბრებს.

გიორგი ბარდაველიძის თქმით, წურწუმია ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ბანკზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.

თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის” ფილიალში თავდამსხმელი გუშინ, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა.

შსს-ს ცნობით, უწყების წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს.

„ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“მეშინია რომ ვდებ” – ახალი ფოტო დამეწყრილი ზონიდან
შემდეგი სტატიაამ წაბილწულ და გარყვნილ ქალს იმ ბავშვებს საჯიჯგნად არ მივცემ – მეუფე სპირიდონი ომბუდსმენს უპირისპირდება