სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი რომეო მიქაუტაძე სუს-ის შენობაში საერთოდ არ ყოფილა. პროკურატურის ვერსიით კი, მიქაუტაძემ ლილუაშვილს ქრთამი პირდაპირ მის კაბინეტში გადასცა.
ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს არც ვიდეო და არც სატელეფონო ჩანაწერი, რაც მოწმის სუს-ის ტერიტორიაზე შესვლას ან კომუნიკაციას დაადასტურებდა.
„აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. სუს-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა, ვინმე შემოწმების გარეშე, მით უმეტეს დაახლოებით 15-კილოიანი ხელბარგით შევიდეს, წარმოუდგენელია. ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს აბსურდული და ცრუ ბრალი აქვს წარდგენილი“, — განაცხადა tv პირველის ცნობით, ლანა ცერცვაძემ.
ადვოკატის ცნობით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მოწმე — ლილუაშვილის დაცვის წევრი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნის უდანაშაულობას დაადასტურებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას საჯარო უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.
სუს-ის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ლილუაშვილს, რომელიც გასული წლის დეკემბერში დააკავეს, ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, იგი ასევე მფარველობდა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს.















