27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ადვოკატი: პროკურორის მიერ მოწმის ჩვენების ინტერპრეტაცია, თითქოს ლილუაშვილი უკანონო ქოლცენტრებზე ინფორმაციას მალავდა, სიცრუეა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ბრალდების მხარე მოწმის ჩვენების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. ადვოკატი უარყოფს პროკურორის მტკიცებას, თითქოს მოწმემ დაადასტურა, რომ ლილუაშვილი მას წინასწარ აწვდიდა ინფორმაციას უკანონო ქოლცენტრების ლოკაციებზე, რათა იქ ფინანსური პოლიციის მისვლამდე ყველაფერი გაეწმინდათ.

ცერცვაძის განმარტებით, მოწმემ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ზოგად კოორდინაციაზე ისაუბრა და ლილუაშვილთან რაიმე სახის დანაშაულებრივი კავშირი ან უკანონო მითითებების მიღება კატეგორიულად გამორიცხა:

„ეს აბსოლუტურად სიცრუეა, ეს ინფორმაცია საერთოდ არ შეესაბამება რეალობას… ქოლცენტრებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან მოწმეს არ ჰქონია, მან უბრალოდ სუს-თან კოორდინაციიდან გამომდინარე ისაუბრა, რომ გარკვეული სახის ინფორმაციები ჰქონდა მიღებული… მაგრამ არ იყო ეს კომუნიკაცია უშუალოდ გრიგოლ ლილუაშვილთან“.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაია – OHCHR-ის ანგარიში ცხადყოფს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას
შემდეგი სტატიანინო ჩხობაძე: კონდიციონერების ერთდროულად ჩართვისას, ენერგოსისტემამ შესაძლოა დატვირთვასა და სიცხეს ვერ გაუძლოს