„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გიორგი ბარამიძის უფლებადამცველი ბექა ბასილაია პოლიტიკოსის დაკავებას ეხმაურება.
იურისტის შეფასებით, საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, ხოლო წარდგენილი მუხლები მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებსა და საზოგადოებრივ დისკრედიტაციას ემსახურება.
„ის, რის გამოც გია ბარამიძის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა, არ შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებულ საკითხს.
როდესაც პროკურატურა საუბრობს, რომ ორი მუხლით დაიწყო დევნა, ერთი მუხლი არის იმისთვის, რომ გიას მიმართ შავი პიარი აგორდეს და ისმოდეს სიტყვა „ღალატი“, ხოლო მეორე მუხლი არის შინაარსის დამახინჯება. საბოტაჟის შემადგენლობა მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. როგორ არის შესაძლებელი, ერთ პოდკასტში გაკეთებული განცხადებით სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას ხელი ეშლებოდეს?“ — განაცხადა ბექა ბასილაიამ.








