ადვოკატი – პენიტენციურმა სამსახურმა უკან მას შემდეგ დაიხია, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა მძაფრი პროტესტი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, პროტესტის ის ფორმა, რომელსაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა, როდესაც განაცხადა, რომ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას წყვეტდა, ამოწურულია.

უფლებათდამცველის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახურის შეზღუდვების საპასუხოდ მიმართა, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრეზიდენტს ვიზიტორების მიღება და ტელევიზორით სარგებლობა აუკრძალეს. როგორც საძაგლიშვილმა განმარტა, მას შემდეგც რაც პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, სააკაშვილმა სამედიცინო მკურნალობა გააგრძელა.

„რეალურად გუშინდელი ინციდენტი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებაზე პენიტენციური სამსახურის რეაქცია. ბუნებრივია, რომ იუსტიციის სამინისტრო გაბრაზდა და სწორად გაბრაზდა, იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 8 დარღვევა დაადგინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით და მხოლოდ პირადი ინფორმაციის გავრცელებაზე კი არ არის საუბარი ამ გადაწყვეტილებაში, საუბარია იმაზე, რომ ხშირად არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი ხდებოდა. ამის შემდეგ მე-18 დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში და მას შემდეგ, რაც დაიგულეს მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასული შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში. აქვე ხაზგასმით მსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ მადლობას ვუხდით მკურნალ ექიმს ნინო გოგორიშვილს და სამედიცინო პერსონალს სრულად, მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ გვაქვს. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სააკაშვილს განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომ მას არ ექნებოდა შესაძლებლობა მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ბუნებრივია, ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და ამ ადამიანებს უბრალოდ დაატოვებინა პალატა და ცხადია, რომ არც დოკუმენტის დატოვება ამის გამო არ მომხდარა. პალატის დატოვების შემდეგ, დაახლოებით, საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი და სამართლიანი პროტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი, გუშინვე მოხდა ეს აღდგენა და დღესაც აქვს შესაძლებლობა, რომ უყუროს ტელევიზორს. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი.

რაც შეეხება ვიზიტორებს, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებლობა მიეცა მის პირად ექიმს, რომ შესულიყო და ყოველ შემთხვევაში არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია პენიტენციური სამსახურისგან, რომ არ შეუშვებენ ოჯახის წევრებს.

მათი განცხადებიდან ირკვევა, რომ თითქოს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. რეალურად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს იყო შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრების მცდელობა, რაც შედეგის თვალსაზრისით არის ძალიან კარგი, უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც პენიტენციური სამსახური ასე იქცევა.

ძალიან სამარცხვინოა, როდესააც მინისტრი ბრეგაძე ერთ დღეს გვესაუბრება, რომ ძვირად ღირებული ტექნიკა დააზიანა სააკაშვილმა და მეორე დღეს განცხადებას ავრცელებენ, რომ 150 ლარს არ აღემატებაო. ასეთი იაფფასიანი განცხადებების კეთება რომ უწევთ როგორც მინისტრს, ისე პენიტენციური სამსახურის უფროსს, არის ძალიან სამწუხარო ამბავი. ასეთ აბსურდულ ვითარებაში ვცხოვრობთ და სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები ასე სამარცხვინოდ იქცევიან, გარდა ორი ინსტიტუციისა, ეს არის სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჰერმან საბო – კობახიძის შეფასება ემთხვევა პატრიარქის განცხადებას, რომ შეიძლება შერიგების გასაღები იყოს ისეთ გულწრფელ მოქმედებაში, როგორიც მონანიებაა
შემდეგი სტატიაწერეთელი – ჩვენ ვხედავთ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით