ადვოკატი : ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, აღარ არის ვალდებული სახლში იყოს და გადაადგილებაზე თავი შეიზღუდოს, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლომ ნიკა მელიას სხვადასხვა სახის შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა და ჩამორთმეული ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,ეს ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას მიმართ დაწესებული შეზღუდვები უკანონო და ანტიკონსტიტუციური იყო.

„ნიკა მელიას გაუუქმდა ყველა ის შემზღუდავი ღონისძიება, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არაკონსტიტუციური იყო – ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, ეს არის მოქალაქეებთან კომუნიკაცია, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, დაუბრუნდა ყველა სახის დოკუმენტი, რომელიც ჩაბარებული ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ამ შეზღუდვებში უკანონოდ იმყოფებოდა. ასევე, ეს უკანონო და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვები იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურამ თვითონ მოითხოვა „უკანონო“ შეზღუდვების გაუქმება.

„მოსამართლემ გირაოს ნაწილში თანხა გაზარდა 40 ათასით, რაც ჩვენი ღრმა რწმენით, აბსოლუტური აბსურდია იქედან გამომდინარე, რომ თუკი 30 000 ლარიანი გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას, 40 ათას ლარიანი გირაო ამას რანაირად შეძლებს?! ფაქტი არის ერთი- პროკურატურამ თვითონ მოითხოვა იმ უკანონო შეზღუდვების გაუქმება და ეს შეზღუდვები გაუქმდა. ნიკა მელიას მოეხსნა სამაჯური, ის აღარ არის ვალდებული არც სახლში იყოს და არც შეიზღუდოს თავი გადაადგილებაზე. მას ყველა სახის დოკუმენტი დაუბრუნდა“,- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახიშვილის თქმით, გირაოს საკითხთან დაკავშირებით ის ნიკა მელიასთან გაივლის კონსულტაციას, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. ადვოკატს ასევე არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ნიკა მელია გირაოს გადახდას.

„ჩვენ ჩავიბარებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, წავიკითხავთ, ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ სამართლებრივად არასწორი განმარტება გააკეთა მოსამართლემ. 200-ე მუხლის მეშვიდე ნაწილში არ წერია იმის თაობაზე, რომ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრებაში იგულისხმება თანხის გაზრდა“ , – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა გამოაცხადა. აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე : ნიკა მელიასა და ყველა ახალგაზრდას, ვინც აქციების დროს დააჯარიმეს, დავეხმაროთ და ავიღოთ ფინანსური ტვირთი
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები სტრასბურგის სასამართლოს სარჩელს ამზადებენ