ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის განცხადებით, საქმის მასალებში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება.
ადვოკატის თქმით, დასაბარებელ პირთა სიაში 30 დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც უკვე დაკითხეს. მისი განმარტებით, გამოძიების ფარგლებში მათ პირდაპირ ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი ან შემხებლობა ელისო კილაძესთან ან რომელიმე შპს-სთან, რაზეც, კორკოტაძის განცხადებით, ყველა მათგანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
ნათია კორკოტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ელისო კილაძემ უცხო ენები არ იცის და, მისი შეფასებით, გაუგებარია, როგორ უნდა ჰქონოდა უცხოელებთან ისეთი კომუნიკაცია, რაზეც გამოძიება მიუთითებს.
„ელისო კილაძეს არავინ ამხელს“, — განაცხადა ჟურნალისტის ადვოკატმა.















