ადვოკატი მსახიობ რეზი ნასიძისთვის 1000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს

ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რეზი ნასიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რამდენიმე წუთში აკადემიკოს ვახტანგ ბოჭოროშვილის სახელობის კლინიკაში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი იმსჯელებს.

როგორც ჟურნალისტებს დაკავებული მსახიობის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის ნასიძის 1 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

“დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ ყველაზე მინიმალური აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული. ამას კონკრეტულად პროცესზე გავაჟღერებთ. ეს შეიძლება გაუსვლელობის ხელწერილი იყოს, შეიძლება იყოს გირაოს მინიმალური ოდენობა, 1000 ლარის სახით.

რაც შეეხება ბრალთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ჯერ სრულად არ გვაქვს საქმის მასალები, შესაბამისად, სრულად, საქმის შესწავლის შემდეგ, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებისათვის უკეთესი იქნება. ის პროცესუალურად დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, უფლებამოსილი არ ვარ განცხადება გავაკეთო”, – აცხადებს კვიჟინაძე.

შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

banner
წინა სტატიაშისუს-ში საკადრო გადაადგილებები ხორციელდება
შემდეგი სტატიაისრაელის ექს-მინისტრს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11 წლით ციხე ემუქრება