ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერზე გამოძიების დაწყებამდე ფსიქიკური და მორალური წამება განხორციელდა, რათა ქრთამის აღების ბრალდება ეგრძნო და ეღიარებინა.
ადვოკატი საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებას ყველა დეტალსა და კონკრეტულ გვარებს მიაწვდის:
„წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და მორალური ზეწოლის განხორციელებაში. დღეს მას არ დაუსახელებია არცერთი გვარი, მაგრამ გამოძიების მსვლელობისას დაასახელებს, ვისგან მომდინარეობდა შეთავაზება… როდესაც ხდება შეთავაზება, რომ მოხდეს იმ დანაშაულის აღიარება, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და ეს კომპეტენტური მოხელისგან მოდის, სწორედ ეს არის წამების დეფინიცია“, — განაცხადა ბარათაშვილმა.
ადვოკატმა ასევე გააკრიტიკა სხდომის დახურვის გადაწყვეტილება და მას პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი უწოდა, რომელიც საზოგადოებისთვის ბრალდების უსაფუძვლობისა და საქმის დეტალების დამალვას ემსახურება. მისი თქმით, საქმე დაფუძნებულია ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის საქმეებზე, რომლებიც ღია რეჟიმში მიმდინარეობდა, და დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.















