ადვოკატი მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი ხუთი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს

საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი 30 დღის ვადაში ქარდავას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ადვოკატის ცნობით, მათ სწორედ 30-დღიანი ვადა აქვთ გასაჩივრებისთვის. ამ ვადის ათვლა კი ქარდავას დაკავებიდან, ანუ გუშინდელი დღიდან იწყება, როდესაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს.

„პირველივე სამუშაო დღეს, ორშაბათს შეგვეძლება მეგის ქარდავას მონახულება. სწორედ ამის შემდგომ გავარკვევთ მომავალ სტრატეგიას, პროცედურულად ერთი თვის ვადა გვაქვს ყველა იმ განაჩენის გასაჩივრებაზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენია.

ერთ-ერთი საქმე არის, სადაც მაქსიმალური სასჯელი არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება მის პოზიციას ყველა დანაშაულთან მიმართებაში, ის არ აღიარებს დანაშაულს. ის აცხადებდა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა და ყველა ეს საქმე იყო გამოგონილი, შეთითხნილი“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი – პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს
შემდეგი სტატიანარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა – გახარია ვენის ჰოსპიტლის დასკვნას ასაჯაროებს