ადვოკატი ლევან ჯიბღაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსახიობი გამოძიებასთან ითანამშრომლებს

ლევან ჯიბღაშვილი ავტომობილით მოძრაობდა, ის საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი ავტომობილიდან ნივთიერების ამოღება, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ჯიბღაშვილის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

„თუ რა ნივთიერება არის ამოღებული და რამდენად არის ის ნარკოტიკული ნივთიერება, ამასთან დაკავშირებით, ექსპერტიზა მიმდინარეობს. ლევანს ჯერ ბრალი წაყენებული არ აქვს, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ლევან ჯიბღაშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მოქალაქეობრივი პოზიციით, აქტიურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შეეცდება ამ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებისათვის ყველა კითხვაზე დამაჯერებელი, ადეკვატური პასუხი იყოს გაცემული“, – აცხადებს გიგუაშვილი.

მისი თქმით, ცრუ ინფორმაციაა, თითქოს, დაკავების მომენტში ლევან ჯიბღაშვილი დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დარეკვას ითხოვდა.

„ეს არის სრული სისულელე, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს ოდნავადაც კი, არ შეესაბამება რეალობას. ლევან ჯიბღაშვილი, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნება, მისი შემოწმების პერიოდიდან აქტიურად ეხმარება გამოძიებას არსებული სიტაციის გარკვევაში, რათა ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ვინმეს სახელის ხსენება, ან მსგავსი არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი ჭორია“, – აცხადებს გიგუაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„კანონი და სამართალი“ იუსტიციის სამინსტრომ რეგისტრაციაში ოფიციალურად გაატარა
შემდეგი სტატიამაშველებმა თბილისში, ჩაკეტილი ბინიდან ორი წლის ბავშვი გამოიყვანეს