გელა ხასაიას საქმეზე 2 მთავარი მოწმის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავია – ამის შესახებ მედიასთან სასამართლო პროცესისი დასრულებსი შემდეგ ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამოკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებით დადასტურდა, რომ ისინი გამოძიებას სხვადასხვა დროს აწვდიდნენ ან ცრუ ინფორმაციას ან დაუზუსტებელს.
ასევე, ირკვევა, რომ საქმის მასალებში პროკურატურამ არ ჩადო ის კადრები, რომელიც ხასაიას უდანაშაულობას დაამტკიცებდა.
გელა ხასაიას საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებით დღეს დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2 მთავარი მოწმე ამ საქმეზე გამოძიებას სხვადასხვა დროს აწვდიდა ან ცრუ ინფორმაციას ან დაუზუსტებელს, ვინაიდან ორი მთავარი მოწმის ჩვენება გამორიცხავს ერთმანეთს. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ორივეს ერთდროულად ჰქონოდა ადგილი, იმიტომ, რომ გამორიცხულია მოვლენათა თანმიმდევრობა, ასევე არასწორად აღწერენ ერთმანეთთან ურთიერთკავშირს. ნაჩვენებია და დადასტურებულია სასამართლოს წინაშე, რომ ჯერ კიდევ 4 სექტემბერს ფლობდა გამოძიება ყველანაირ ინფორმაციას იმისთვის, რომ დაეედინტიფიცირებინა ვიდეო-კამერები და შესაბამისად, გამოეთხოვა ჩანაწერები. მაგრამ, ზუსტად იმ მიზნით, რომ ვიდეო-ჩანაწერები, რომელიც გამორიცხავდა გელა ხასაიას მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს, გამოთხოვილი იქნა ერთი თვის შემდეგ, რაც უკვე შესაძლებელს გახდიდა, დამალულიყო რეალურად ადგილზე მომხდარი მოვლენათა თანმიმდევრობა”, – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
















