14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს ახალი საქმე მაღალი რეიტინგის გამო, პოლიტიკური გაშავების მიზნით აღუძრეს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, ექს-პრემიერი ეჭვობს, რომ მის წინააღმდეგ ახალი საქმე მაღალი რეიტინგის გამო, პოლიტიკური გაშავებისა და პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების პრევენციის მიზნით აღიძრა.

უფლებადამცველმა ამის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ ტელეკომპანია „პირველებთან“ ისაუბრა.

„მას თავისი მოღვაწეობით — ორჯერ იყო ქვეყნის პირველი პირი — მოგეხსენებათ, როგორი საგარეო პოლიტიკა იყო მის დროს, რამდენი ახალი ინიციატივა, თუნდაც ევროპასთან მიმართებაში, ურთიერთობაში და ასევე ყველაფერი ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა რეიტინგი, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც აქვს ეს რეიტინგი. ვინმემ რომ მითხრას, ასეთი [კვლევები] არ ჩატარებულა, არ დავიჯერებ და ყველაფერი იყო საცნაური მავანთთვის,“ — განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ადვოკატის თქმით, პატიმრობაში მყოფ ღარიბაშვილს საზოგადოებაში ავტორიტეტი მაინც შენარჩუნებული ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა მისთვის „კორუმპირებულის“ იარლიყის მიწებება:

„ხალხმა გაიგო, რომ მას ქვეყნისთვის არ უღალატია, არც ბიძინა ივანიშვილისთვის უღალატია და არც ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ მოუპარია. შესაბამისად, გახდა ალბათ საჭირო და ფაქტია, ასე იყო — შემონათვალშიც ეს იგულისხმება — რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ და მას აღარ ჰქონოდა 1%-იანი შანსიც კი, გადაზღვევის მიზნით, რომ პოლიტიკაში მობრუნებულიყო,“ — აღნიშნა ექს-პრემიერის ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა, უკრაინაში მათი ვიზიტის თარიღზე ვმსჯელობთ
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: საჭირო ფორმულა: ყველა მინუს ივანიშვილი – ძალა ერთობაშია და პრაქტიკაში უნდა ხორცის შესხმა