25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ადვოკატი გიორგი მალანიას დაკავებაზე: სათევზაოდ მიდიოდა, პროკურატურამ კი ეს მიმალვის მცდელობად წარმოაჩინა

პედაგოგ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, გიორგი მალანიას ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. უფლებადამცველის განცხადებით, წინასწარი პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია, რადგან არ არსებობდა ბრალდებულის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფუძველი.

ადვოკატმა კატეგორიულად უარყო პროკურატურის ვერსია, თითქოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი გურიაში მიმალვას გეგმავდა და განმარტა, რომ ის უბრალოდ სოფელში სათევზაოდ მიდიოდა. მისივე თქმით, ბრალდების მხარემ ხელოვნურად შექმნა „გადაუდებელი აუცილებლობის“ საფუძველი მისი დაკავებისთვის.

„გ.მ. იმყოფებოდა სოფელში და სათევზაოდ მიდიოდა. ბრალდების მხარემ ეს იმდაგვარად წარმოაჩინა, თითქოს მას მიმალვა სურდა… 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოძიება და ამ პერიოდში არაერთხელ ფიქსირდება მისი თანამშრომლობა გამოძიებასთან. თვეების განმავლობაში მცდელობა არ ჰქონია მიმალულიყო“, — განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.

უფლებადამცველისთვის ასევე გაუგებარია, რატომ მოხდა არასრულწლოვნის დაკავება მაინცდამაინც ახლა, როდესაც პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იანვრის თვეშივე იყო მოპოვებული. მისი თქმით, თუკი გამოძიებას ეს მასალები რელევანტურად მიაჩნდა, გაურკვეველია, რატომ არ წაუყენეს ბრალი მალანიას თვეების წინ.

დახურულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატის პოზიცია თავად ბრალდებულმაც გაიზიარა. პროცესზე სიტყვით გამოვიდა გიორგი მალანიას მამა, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი მერაბ მალანიაც, რომელმაც შვილის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლის წინაშე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმდა და მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ მან, როგორც ყოფილმა მოსწავლემ, მიაწოდა თავდამსხმელებს პედაგოგის საცხოვრებელი მისამართი და გადაადგილების გრაფიკი.

banner
წინა სტატიაშიმასუდ ფეზეშქიანი: თეირანსა და ერევანს შორის ურთიერთობები გარე ჩარევისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიაALDE-ს კონგრესზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად ცარიელი სკამი დადგეს