ადვოკატის ინფორმაციით, სტრასბურგში გიგა ოთხოზორიას საქმე მოიგეს და რუსეთს 130 000 ევროს გადახდა დაეკისრა. ოჯახის სახელით, სტრასბურგში სარჩელი “საიამ” შეიტანა:
“გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა. გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე…
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავს რომლებიც იძულებული იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები რაც ძალიან მძიმე იყო.
ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.
მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა
პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!” წერს გიორგი ტაბატაძე.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდგომ შეიარაღებულ ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა, თუმცა მას ე.წ მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის იყო რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც ოთხოზორიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა.
სროლის შემდეგ წაქცეულ ოთხოზორიას, კანჯი-ოღლიმ თავში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ ფიქციური გამოძიება დაიწყო და დე-ფაქტო სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს კი “მტკიცებულებების არარსებობის მოტივით”, ე.წ. პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.
საიამ, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, 2018 წელს მიმართა