4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე: ჩანაწერების ციხიდან გატანა მეც ამიკრძალეს

ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე „ტვ პირველის“ ეთერში ყვება, რომ პატიმრებთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება მასაც არ მისცეს.

იურისტის შეფასებით, ამ აკრძალვასთან შეგუებას ადვოკატთა კორპუსი არ აპირებს და შესაბამისი წერილები უკვე გადაგზავნილია კონკრეტულ უწყებებში.

„მე პირადადაც რამდენჯერმე ამეკრძალა ციხიდან ჩემი ჩანაწერების გამოტანა. ადვოკატთა ასოციაციამ ჯერ კიდევ 18 სექტემბერს გადაგზავნა შესაბამის უწყებებში წერილი და ველოდებით პასუხებს. ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯი, რაც ადვოკატთა ასოციაციამ ამ მიმართულებით გადადგა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას არცერთი ადვოკატი არ შეეგუება — მათ შორის არც მე.

აქ არ არის საუბარი რომელიმე გახმაურებულ საქმეზე. ვხვდებოდი პატიმარს, გავაკეთე ჩანაწერი. უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი ზეპირად დავიმახსოვროთ, როდესაც, მაგალითად, 70-ტომიანი საქმის მასალების შესწავლა გვიწევს. ჩემთვის საინტერესოა, პენიტენციურ სამსახურსა თუ იუსტიციის სამინისტროში რომელ იურისტს მოუვიდა აზრად, რომ ასეთი ჩანაწერი — რომელიც წარმოადგენს კლიენტთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შედეგად გაკეთებულ სამუშაო ჩანაწერს — კორესპონდენციად გამოეცხადებინა“, — განაცხადა იურისტმა.

ცნობისთვის: „საიამ“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ადვოკატს პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის გატანის უფლება არ მისცეს, რაზეც სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი დავითაძესთან შეხვედრის დროს ადვოკატის ხელით დაწერილ ტექსტებს კორესპონდენციასთან აიგივებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ „დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს“.

ბოლოდროინდელ ცნობებს იმის შესახებ, რომ პენიტენციური სამსახური ადვოკატებს პატიმრებთან გაკეთებულ ჩანაწერებს ციხიდან არ ატანს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოც ეხმაურება და აცხადებს, რომ უფლებადამცველებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეეშალოთ.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიაავსტრიაში ჯაშუშობის ეჭვით 4 უკრაინელი დააკავეს, მათ შორის “უკრაინსკაია პრავდის” თანამშრომლები