ადვოკატი: ბექა ბექაური დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილს ასახელებს

ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის განაცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილი დაასახელა.

“რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, თქვა, რომ მოტივი აქვს რუსულ აგრესორებთან დაკავშირებით, ვერ ვიტან რუსულ აგრესორებსო და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო. როგორც ბექა ამბობს, ჩვენებასთან დაკავშირებით ზეწოლა არ ყოფილა. აცხადებს, რომ ტერორისტული აქტის ორგანიზატორი იყო“, – აღნიშნა ადვოკატმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.

მისივე თქმით, უკრაინის მხრიდან არანაირ 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზე საუბარი არ ყოფილა.

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ბექაური არის ნაცემი და აცხადებს, რომ ის სპეცრაზმელებმა დაკავების დროს სცემეს.

“დაზიანებები მიიღო ტყეში, როდესაც მისი დაკავება მოხდა. ის იყო სპეცრაზმელების მიერ ნაცემი. ის, რომ სუს-ის ოპერატიული ჯგუფი და გამომძიებლების მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამას როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს“, – აღნიშნა ადვოკატმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა.

როგორც სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად, დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე – საქართველოს ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.

გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

banner
წინა სტატიაში“დაშინების მიზნით ენმ-ის აქტივისტები ნარკოტესტირებაზე გადაჰყავთ”
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: მედია და საზოგადოება ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ნუ მიანიჭებთ