ადვოკატი – ბასილაშვილის საქმეზე დაიკითხება მოწმე, რომელიც ჩადენილ ძალადობას შეესწრო

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, დაზარალებულად ცნობილი ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოწმე დაადასტურებს ბასილაშვილის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ძალადობას, რომელსაც თავად შეესწრო.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ელოდება, რომ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საპირისპიროს ამბობს დაცვის მხარე. ბრალდებულ ბასილაშვილის ადვოკატის, თეონა გვაზავას თქმით, არ არსებობს მტკიცებულება საქმეში, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ძალადობა ჩაიდინა.

„ვინაიდან სრული მოცულობით ვიცნობთ საქმის მასალებს, ცალსახად შემიძლია განგიმარტოთ, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი მოწმის ჩვენება, რომელიც შემსწრეა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის, რადგან ბასილაშვილს არასდროს განუხორციელებია ძალადობა კონკრეტულ პირზე. ასეთი სახის ჩვენება საქმეში არ დევს“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.

მისი თქმით, მოწმეების მსგავსად, სხვა წერილობითი თუ ვიდეო მასალა, რომლებიც საქმეში დევს, არ ადასტურებს ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტს.

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ღარიბაშვილმა ტყუილი ჩამოიტანა ბრიუსელიდან
შემდეგი სტატია„სამართლიანი არჩევნები“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ორგანიზაციაზე ზეწოლად აფასებს