19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ადვოკატი ბაჩო ახალაიას განაჩენზე: სასამართლომ თავისუფალი სიტყვის გამოხატვა დანაშაულად გამოაცხადა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ადვოკატი გია გოროზია ახალაიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს უსაფუძვლოსა და უსამართლოს უწოდებს. იურისტის განმარტებით, სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ბრალდებულის მიერ პროცესზე გამოხატული თავისუფალი სიტყვის ნება დანაშაულად დაკანონდა.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ბაჩო ახალაიას სიტყვები საკუთარ პოზიციას გამოხატავდა და არა საჯარო მოწოდებას, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია და მას 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“ბაჩო ახალაიამ არაერთხელ აღნიშნა სასამართლო პროცესზე, რომ ეს იყო მისი პოზიცია და არა მოწოდება, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ხაზი გაუსვა, რომ მან საკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ბაჩო ახალაიას განცხადება იყო საჯარო მოწოდება და ამისათვის, მას სრულიად უკანონოდ, 2.5 წელი მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო, უსამართლო, მას კანონით დადგენილ ვადაში გავასაჩივრებთ. თუმცა, სააპელაციო სასამართლოშიც არ გვაქვს მოლოდინი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ბაჩო ახალაიას უდანაშაულოდ ცნობს.

ბაჩო ახალაიამ იმ სასამართლო პროცესზე მოსამართლეს აუხსნა, რომ როგორც ერთი რიგითი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც სრულიად აბსურდულად აქვს ბრალდება წარდგენილი, მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლება, მათ შორის, ახსენა ბიძინა ივანიშვილი, დასამხობია. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის განცხადება, რომელზეც ხაზს უსვამს, რომ ეს მისი პირადი აზრია, არ შეიძლება დანაშაულად დაკანონდეს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც ბრალდებულის თავისუფალი სიტყვის ნება, რომელიც მის მიერ სასამართლო პროცესზე იქნა გამოხატული, როგორც დანაშაული, დაკანონდა. ბაჩოს განცხადება დანაშაულის ნიშნებსაც არ შეიცვას. თუ დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დარბაზში ისხდნენ პროკურორები და მოსამართლე, რომელთაც საკმაო კვალიფიკაცია აქვთ, არც ერთ მათგანს მისთვის არ მოუწოდებია, შეჩერებულიყო, ან აღარ გაკეთებინა ის განცხადება. ბაჩომ განცხადება 2026 წლის 16 თებერვალს გააკეთა, 7 მარტამდე საერთოდ არავინ დაინტერესებულა, იყო თუ არა ბაჩო ახალაიას განცხადება რამე დანაშაულის ნიშნის შემცველი”, – განაცხადა გოროზიამ.

banner
წინა სტატიაშიამინდი მკვეთრად გაუარესდება — რა შეტყობინებას აგზავნის “112”
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: არ გამოვრიცხავ, თავმჯდომარეობის კანდიდატი უკონკურენტო იყოს