ადვოკატი ავთანდილ წერეთლისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს

„თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაო სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

როგორც კახა წერეთელმა განაცხდა, არ არსებობს ავთანდილ.წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძვლები და სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატის ვარაუდით, სააპელაციო სასამართლოში საჩივარს მომავალი კვირის ბოლომდე განიხილავენ. შეკითხვაზე, თუკი ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა 500 000-ლარიანი გირაო, როგორ აპირებს მის უზრუნველყოფას ბრალდებული, ადვოკატმა.ზოგადად უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯერ დაელოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ავთო წერეთლის მიმართ არის უსაფუძვლო, რადგან არ არსებობს არც მიმალვის და არც მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე”, – განაცხადა წერეთელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიგაუგებარია — ხულორდავა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – რუსეთი ყოველდღიური პროვოკაციებით ცდილობს ჩვენს დამორჩილებას, ის ჩვენს ნერვებზე თამაშობს