ადვოკატი – არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრალს არ ეთანხმება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორი ლეხმანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მისმა ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განაცხადა.

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისი თქმით, ბრალდებულს გუშინ შეხვდა და საქმის დეტალებზე საჯარო საუბარი აუკრძალა.

„მას არ სურს, რომ მის შესახებ, ისევე როგორც საქმის ირგვლივ, რაიმე ინფორმაცია გავასაჯაროო. ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ბრალის ოფიციალურად წარდგენისას დამატებითი მასალები გადმომეცემა და დამატებით შევათანხმებთ პოზიციას”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაკავებული ლეხმარი 60 წლისაა. ადვოკატი არც მის საქმიანობაზე და არც იმაზე, თუ რამდენი ხანია ცხოვრობს საქართველოში, კომენტარს არ აკეთებს.

ნინო ტაბატაძის ინფორმაციით, თუ კი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, ის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ალტერნატივის სახით კი გირაოს მოითხოვს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ. და ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები არიან. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობს