ადვოკატი : აფგან მუხთარლის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრების შესაძლებლობას არ აძლევენ

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, გერმანიაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც დღეს თბილისში გეგმავდა ჩამოსვლას, იტყობინება, რომ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ და საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელები არ აძლევენ შესაძლებლობას, გაემგზავროს საქართველოში.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და მისი წევრი ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომლებიც მუხთარლის უფლებებს იცავენ, ამ წუთებში ცდილობენ ვითარების ადგილზე გარკვევას.

მოვუწოდებთ პასუხისმგებელ უწყებებს, მოხსნან ყველა ხელოვნური ბარიერი და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საქართველოში თავისუფლად ჩამოსვლის შესაძლებლობა მისცენ“, – აცხადებს მუხთარლის უფლებების დამცველი.

ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი 9 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის.

როგორც ადვოკატის ინფორმაციაში იყო აღნიშნული: „მუხთარლი, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება, საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. ასევე, გააკეთებს განცხადებას მედიისათვის და მიმდინარე გამოძიებაში მიღწეულ პროგრესს შეაფასებს“.

დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 20 ივლისს გამოიკითხა.

მათივე ცნობით, დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

banner
წინა სტატიაშირიჟვაძე: აჭარაში დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა
შემდეგი სტატიაქობულეთში “ქართული ოცნების” ოფისთან ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს