15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ადვოკატი – ანდრია ლილუაშვილმა განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის მიუტანია ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ ეპიზოდზე დაცვის მხარის მოწმედ დაკითხულმა ბრალდებულმა, ანდრია ლილუაშვილმა კატეგორიულად უარყო სუს-ის ყოფილი უფროსისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტი.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მთავარი ვერსია სწორედ ანდრია ლილუაშვილის შუამავლობას ეყრდნობოდა, რაც მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა.

„ანდრია ლილუაშვილმა ცალსახად და ხაზგასმით თქვა და განმარტა, რომ არასოდეს არავისთვის მიუტანია ქრთამი, მითუმეტეს გრიგოლ ლილუაშვილისთვის, და არანაირი სახის „ქოლ-ცენტრის“ მფარველობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია…

თვითონვე გვთავაზობს ბრალდების მხარე ვერსიას, რომ ეს კონკრეტული პირი გახლდათ ანდრია ლილუაშვილი. ადამიანმა ცალსახად მხოლოდ სიმართლე ისაუბრა, რომ მსგავს ფაქტს ბუნებაში ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი“, — განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ადვოკატის განმარტებით, ანდრია ლილუაშვილმა სასამართლოზე ასევე განმარტა სუს-ის შენობაში მისი გამოჩენის მიზეზებიც, რაც, დაცვის მხარის თქმით, სრულად კანონიერ ჩარჩოებში ჯდებოდა.

მოწმემ დაადასტურა, რომ სუს-ის შენობაში 6 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმყოფებოდა ვიზიტორის სტუმრობის წესის სრული დაცვით.

შეხვედრები უკავშირდებოდა ანდრია ლილუაშვილის ძმის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და მას უკანონო შინაარსი არ ჰქონია.

ლანა ცერცვაძის შეფასებით, პროკურორი შეეცადა გრიგოლ ლილუაშვილის საქმის განხილვიდან გადასულიყო ანდრია ლილუაშვილის ბიზნეს-საქმიანობასა და ინვესტიციებზე, რაც მოცემულ ეპიზოდთან კავშირში არ არის.

banner
წინა სტატიაშიმაია სანდუ: რუსეთის ფრონტის ხაზი დასავლეთით მიიწევს — უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვა გადაუდებელია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი “ოცნებაზე”: ხროვა ერთმანეთს დაესხა – ეს არის ასეთი რეჟიმების ბოლო