„ტვ პირველის“ მიერ მოპოვებული ვიდეომასალის მიხედვით, რომელიც ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებად აქვს წარმოდგენილი, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ არსებული ვერსია შესაძლოა შეიცვალოს.
ჩანაწერების თანახმად, ერთსა და იმავე დროს ალეკო ელისაშვილი, ერთი ვერსიით, სასამართლოდან დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით, კვანტალიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, ხოლო მეორე ვერსიით — სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა, სადაც, ბრალდების მიხედვით, არქივის დაწვას ცდილობდა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ბრალდების ვერსიას ასუსტებს. ინტერესების დამცველი ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, ვიდეოჩანაწერები პირის იდენტიფიცირებისთვის უვარგისია.
„გამოძიება ჩქარობდა და დაუშვეს შეცდომები. ახლა აქ არის მარტივი აღმოსაჩენი მტკიცებულება, რომ ერთი და იგივე დროს ალექსანდრე ელისაშვილი იმყოფებოდა აგრეთვე, მათივე მტკიცებით, კვანტალიანის ქუჩაზე, რომელიც 2 კმ-ით არის დაშორებული სასამართლოსგან და ამავე დროს ვიღაც პირი ცეცხლს აჩენს და ცეცხლს უკიდებს სასამართლოს შენობას… არავინ საუბრობდა იმ მთავარ მტკიცებულებაზე, ექსპერტის დასკვნაზე, რომელიც თვითონ პროკურატურამ ჩადო საქმეში, სადაც ექსპერტი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერები უვარგისია პირის იდენტიფიცირებისთვის“, — აცხადებს ადვოკატი.
ელისაშვილის თანაგუნდელები მიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმე შურისძიებაა. ისინი მომხდარს პარლამენტში მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს უკავშირებენ.















