ადვოკატი – ​ბაგრატიონ-გრუზინსკები სასამართლო დავით ცდილობენ, აღიარება მოიპოვონ, თუმცა გენეალოგია არ აქვთ შესაბამისობაში

სასამართლო დავის მიზანია, გრუზინსკების სახლმა რაიმე ფორმით სახელმწიფოსგან მიიღოს აღიარება, რომ სამეფო სახლის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

„ჩვენ იძულებული ვართ, თავი დავიცვათ. დავა არის არასერიოზული, დროსა და სივრცეში აცდენილი. დღეს სხვა პრობლემების წინაშე ვდგავართ და საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელია ეს დავა. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოწინააღმდეგე მხარეს, შეეწყვიტა ეს დავა. სინამდვილეში დავის მიზანია, გრუზინსკების სახლმა რაიმე ფორმით სახელმწიფოსგან მიიღოს აღიარება, რომ სამეფო სახლის წარმომადგენლები არიან. ცდილობდნენ, მთავრობისა და პარლამენტისგან მიეღოთ აღიარება, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. ახლა ამ ფორმებით ცდილობენ, მოიპოვონ აღიარება, რომ ისინი არიან სამეფო სახლი, თუმცა მათ გენეალოგია შესაბამისობაში არ აქვთ. სახელმწიფო არის რესპუბლიკა და ტიტულებს სახელმწიფო არ აღიარებს. ასე რომ, გაუგებარია მათი სარჩელის მიზანი“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესების დამცველი კი აცხადებს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. სარჩელს ხვალ საქალაქო სასამართლო განიხილავს. სასამართლო სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები – როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.

საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ხვალ, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიდაცული ტერიტორიების სააგენტოს შენობის აივანზე ცეცხლი გაჩნდა
შემდეგი სტატიაეს ბატონები ხელისუფლებაში ვინც იმყოფებიან, დაინტერესებულნი იყვნენ ჩემი პატიმრობით – ზვიად კუპრავამ თავი პოლიტპატიმრად გამოაცხადა