ადვოკატების განცხადებით, ზურაბ ზვიადაური უდანაშაულოა და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა

მართლმსაჯულების სირცხვილია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი პატიმარია, ის არის უდანაშაულო და იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, – ამის შესახებ ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა კახაბერ ცნობილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ზვიადაურს იმ მომენტისთვის სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ მართლმსაჯულების სირცხვილია, რომ ოლიმპიური ჩემპიონი პატიმარია, მე ერთი რამ ვიცი და დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა, იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მოქმედებდა კანონიერად, სამართლიანად, სხვა გზა და გამოსავალი არ ჰქონდა“, – განაცხადა კახაბერ ცნობილაძემ.

კითხვაზე, „ზვიადაურმა, თუნდაც მოგერიებისა და აუცილებელი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფილიყო, გაისროლა“, – ადვოკატმა განმარტა, რომ იურისპუდენცია იცნობს სხვისი სიკეთის და საკუთარის დაცვას.

„მან გადაარჩინა იქ მყოფი სხვათა სიცოცხლე და თავისი სიცოცხლე, თუმცა ვერ გადაარჩინა ძმის და ძმის მეგობრის სიცოცხლე. ის ვალდებული იყო, რომ ემოქმედა. ის ადამიანი, რომელსაც იარაღი ეჭირა და თავს ესხმოდა, კიდევ ბევრ ადამიანს დააზიანებდა და რომ არა ზურაბი, კიდევ მეტი მსხვერპლი იქნებოდა“, – განაცხადა ცნობილაძემ.

ამასთან, ზურაბ ზვიადაურის კიდევ ერთი ადვოკატი, ტარიელ მურმანიშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალის წარდგენის გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

„შეუძლებელია, მას ბრალი წარედგინოს 109-ე მუხლით, მიმაჩნია, რომ ბრალის წარდგენის გარეშე უნდა იყოს გათავისუფლებული, თუმცა, სამწუხაროდ, გამომძიებელმა გვითხრა, რომ ბრალი უნდა წარუდგინონ“, – აღნიშნა ადვოკატმა ოლიმპიურ ჩემპიონთან წინასწარი დაკავების საკანში შესვლამდე მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.

ტარიელ მურმანიშვილიც ამბობს, რომ ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იყო.

„ზურაბ ზვიადაური იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. როდესაც მივიდა თავისი ძმის წამოსაყვანად, იქ ხალხი იყო და ამ დროს სროლები დაიწყო. ძმას ეფარებოდა, დაინახა, ძმას მოხვდა, მის გვერდზე ოთხ ადამიანს, ორი გარდაიცვალა, ორი დაიჭრა,ზურას მიმართულებითაც ისროდა, ცდილობდა, სხვებიც გადაერჩინა და საკუთარი თავიც. ზურაბ ზვიადაურს, რომ არ ემოქმედა ისე, როგორც მან იმოქმედა, მეტი გარდაცვლილი გვეყოლებოდა, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიციაში ზურაბ ზვიადაური თავად გამოცხადდა და მკვლელობის იარაღიც თავადვე მიიტანა, მისცა აღიარებითი ჩვენება.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარ მკვლელობის ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათივე ცნობით, აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

უწყების ინფორმაციით, ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც., 1976 წელს დაბადებული ზ.ზ., 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზურაბ ზვიადაურმაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები – „სტეჩკინის“ ტიპის პისტოლეტი და „საიგას“ ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
შემდეგი სტატიაწინანდლის ტყეში სამართალდამცველებმა მესამე იარაღიც იპოვეს