ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალადობრივი ინციდენტები – ODHIR-მა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

ეუთომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, ეუთო მიმოიხილავს არჩევნების პირველ და მეორე ტურს, საარჩევნო გარემოს, ამომრჩევლის ინფორმირებულობის საკითხს და მედიის საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას.დოკუმენტში მოხვდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ნეგატიური კამპანია, ხისტი რიტორიკა და ძალადობრივი ინციდენტები, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდა მთავრობის წინასაარჩევნო ინიციატივა ვალების განულების შესახებ.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა ნეგატიურმა და ზოგჯერ ძალადობრივმა რიტორიკამ, განსაკუთრებით მეორე ტურში და ამას ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო მიიჩნევს, რომ სიძულვილის გაღვივების პოტენციური შემთხვევების წინააღმდეგ აუცილებელია ნორმების გამკაცრება და სანქციების დროულად გამოყენება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ყველაზე მეტი შემოწირულება მიიღო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა და ის იყო ერთადერთი, ვისაც კრედიტი მისცა მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან კავშირის მქონე ბანკმა.

მონიტორინგის ანგარიშის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ “ეროვნულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მკვეთრად წარმოაჩინა მიკერძოებულობა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ მიმართულ პოზიციაში გამოიხატა, და თავის გადაცემებში არ შეასრულა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს”.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურო აღნიშნავს, რომ ადრე გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხი არასაკმარისადაა დარეგულირებული და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

ეუთოს ანგარიშში ნათქვამია, რომ ხმის მიცემის ფარულობის გარანტიების მიუხედავად, შემაშფოთებელია, როცა ამომრჩეველი ხმას აძლევს ანგარიშსწორების შიშით.

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისში – ცეცხლი, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა
შემდეგი სტატიალადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა