ადმინისტრაცია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა. ადმინისტრაციაში კანდიდატების ვინაობას არ ასახელებენ.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს. მოხდება გასაუბრების ტრანსლირება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურების შერჩევის პროცესს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები გაუწევენ მონიტორინგს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ ქართულ ქარტიაში. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ.

პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ.

პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიაზელენსკი: თუ რუსეთის აეროდრომებზე შეტევის ნებას არ მოგვცემენ, ATACMS-ის სისტემები გამოუსადეგარია