ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მეწყრული პროცესები გააქტიურდა – ინფორმაცის და ფოტომასალას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიწაში გაჩენილი მზარდი ნაპრალების გამო, სახლების ნაწილი დაინგრა, ნაწილი კი დაიბზარა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

გამოცემა წერს, რომ ზავრადაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ რამდენიმე დღის წინ დარჩა. მეწყერმა მათი სახლი კედლები სრულად ჩამოინგრა.

“სტუმრად ვიყავით ნათესავთან. დილას რომ დავბრუნდით დაშლილი იყო უკვე სახლი. ისედაც ჰქონდა ადრე სახლს ბზარები და ეტყობოდა რომ უნდა დანგრეულიყო. ასე ერთ ღამეში თუ მოხდებოდა, საერთოდ არ მოველოდით. გადავრჩით, რომ სახლში არ ვიყავით. ყველაფერი დეფორმირებულია ზედა სართულზე, დაბლა უარესია. გახეთქილია კედელი თავიდან ბოლომდე. ნაპრალებია სახლის ძირში. მართალია, გადავრჩით და მსხვერპლი არ იყო, მაგრამ დიდი ზარალია” – უთხრეს გამოცემას.

გამოცემის ცნობითვე, გარდა საცხოვრებელი სახლების და ეზოებისა, ნაპრალები გაჩნდა სოფელი უდის მთავარ საავტომობილო გზაზეც. მეწყერი დაძრულია სოფლის საბავშვო ბაღიდან 50-მდე მეტრშიც.

 

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მზადაა, შეხვდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, რათა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტი განიხილონ
შემდეგი სტატიარუსი პილოტი ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს