21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

“ადენაუერის ფონდი რუსეთიდან 2022 წელს გამოაძევეს, 2026 წელს- საქართველოდან”- ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის დახურვას ეხმაურება.

“ზედიზედ მხვდება ჩემი სტუდენტების მადლიერების პოსტები კონრად ადენაუერის ფონდის მიმართ.
იცით, როგორია ქართველი მაგისტრანტის ცხოვრება? ქირის, საჭმლის და სამგზავრო ფულის საშოვნელად მთელი დღე უნდა იმუშაოს, საღამოს 7 საათზე მოუსწროს შენ ლექციას, 9 საათამდე გისმინოს, 10 საათზე სახლში მისულმა უნდა ჭამოს და მერე იმეცადინოს. ამ რეალობაში ხარისხიანი განათლება რეალობას აცდენილია. თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 2020 წელს დავაარსეთ და ფონდი პირველივე დღიდან გასცემდა სტიპენდიებს ჩვენი პროგრამის საუკეთესო სტუდენტებზე. ეს თანხა მათ სწავლაში ეხმარებოდა, ჩვენ კი – ხარისხიანი განათლების შექმნაში.

ადენაუერის ფონდი მემარჯვენე ფონდია, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ მათ ეთქვათ, მემარჯვენე სტუდენტებს მიეცით სტიპენდია და მემარცხენეებს არ მოსცეთო. არაერთი მემარცხენე სტუდენტი ყოფილა სტიპენდიანტი. არასდროს უთქვამთ, ეს ასწავლეთ და ასე ასწავლეთ. სრული ნდობა, ასპროცენტიანი აკადემიური დამოუკიდებლობა და მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული სტიპენდიები გვქონდა – ყოველი სემესტრის ბოლოს ჯამდებოდა მიღებული ნიშნები და საუკეთესო 2 ან 3 სტუდენტი იღებდა სტიპენდიას. ვინ მოთვლის, მათივე დაფინანსებით, რამდენ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხვდნენ ჩვენი სტუდენტები. ეს შესაძლებლობები აძლიერებდა ჩვენი სტუდენტების ცოდნას და ეს ცოდნა ბევრ წარმატებაში ითარგმნებოდა. წინანდლის პრემია, ფონდ ფარიგის არაერთი ჯილდო, წიგნის ბაზრობაზე ბესტსელერებად გაყიდული ჩვენი კურსდამთავრებულების წიგნები, ამავე სტუდენტთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობა, სწავლის სადოქტორო საფეხურზე გაგრძელება, ლექტორებად დასაქმება და რა აღარ. ამ ყველაფრის ფუნდამენტს ადენაუერის ფონდი ქმნიდა.
ულევი მადლობა ჩემს უკვე ძალიან ახლო მეგობრებს ამ ფონდიდან, რომლებიც საქმის კეთებისას გავიცანი.
2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდი საქართველოდან გაძევებულია. იცით, რაშია საქმე? ადენაუერის ფონდი რუსეთიდან 2022 წელს გამოაძევეს“, – წერს ბექა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინმა სამხედროებს უბრძანა, უარი თქვან ომის წესებზე
შემდეგი სტატიაგიორგი პატარიძე: ვიდეოში ჩანს, რომ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი