13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ADB-ის მთავარი ეკონომისტი: საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია

„აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ სამარყანდში მიმდინარე შეხვედრებისას განაცხადა,რომ ფასების პირდაპირ შემცირება მარტივი არ არის. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია.

როგორც ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე პარკმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაძვირებული ენერგორესურსები საქართველოში ისახება სხვადასხვა მომსახურებისა და საქონლის ფასზე.

მისი თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში ფასების შესამცირებლად გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია, თუმცა, იმ პირობებში, როცა რესურსები შეზღუდულია, ეს რთულად მისაღწევი მიზანია.

„ვფიქრობ, ფასების პირდაპირ შემცირება მარტივი არ არის. საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ფასების შემცირების კუთხით, გამოსავალია შედარებით იაფი წყაროების დივერსიფიკაცია, თუმცა დეფიციტის პირობებში ეს არც თუ ისე მარტივია. ფასების ზრდასთან ერთად, დაუცველ ოჯახებს ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მხარდაჭერა სჭირდებათ, თუმცა ასეთი დახმარება უნდა ხდებოდეს მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამების მეშვეობით, რათა შესაძლებელი იყოს ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა“, – განაცხადა ალბერტ პარკმა.

„აზიის განვითარების ბანკის“ 59-ე წლიური შეხვედრები 3-6 მაისს უზბეკეთში, სამარყანდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის“.

banner
წინა სტატიაშიპაველ ჰერჩინსკი: ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო
შემდეგი სტატიაAxios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ახლოს არიან