ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც პარლამენტის წევრების – იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეოპაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.

მომხსენებლის, იაგო ხვიჩიას განმარტებით, პატიმრების შესახებ კანონი საბჭოთა კავშირის დროს პატიმრების მიმართ მკაცრი მოპყრობის რეჟიმის გაგრძელებაა, რომელიც შეუსაბამოა იმ ქვეყნების მაგალითისთვის, რომელიც იბრძვის დასავლური ღირებულებებისათვის, ადამიანის უფლებების და თავისუფლების მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად.

„თავისუფლება შეზღუდული ადამიანისთვის თითოეული უფლების რეალიზება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად შემოდის წერილები პენიტენციური დაწესებულებაში მყოფი ადამიანების სახელით, რომლებიც იბრძვიან დარჩენილი უფლებების და მწირი თავისუფლებების მოსაპოვებლად“, -განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მეორე მოსმენით განხილვამდე შეიძლება რისკების დამზღვევ მექანიზმებზე მსჯელობა.

„ვადასტურებ ჩემს კეთილგანწყობას კანონპროექტის სულისკვეთების მიმართ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 9000 ადამიანს მიეცემა კომუნიკაციის შესაძლებლობა იმ პირებთან, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო, რის გამოც შეიძლება გაჩნდეს პრობლემა მართვის მენეჯმენტის თვალსაზრისით. ამიტომ აუცილებელი იქნება გარდამავალი პერიოდის გათვალისწინება, ვიდრე კანონპროექტი ამოქმედდება რადგან იუსტიციის სამინისტრო მოემზადოს და შეიმუშაოს კანონქვემდებარე აქტი, რომლითაც დაარეგულირებს შესაბამის საკითხებს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა დათქმით, რომ მსჯელობა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა
შემდეგი სტატიამარკ რუტეს განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს