ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში“ მოისმინა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების შუალედური მიმოხილვისას განაცხადა, რომ 2017 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5% შეადგინა. აქედან პირველი კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,1 პროცენტი, ხოლო მეორე კვარტალში 4,0 პროცენტი შეადგინა.

მისი თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა, კავშირგაბმულობა, სასტუმროები, რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო საქმიანობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა.

წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით 2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7,1 პროცენტი შეადგინა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათისა და სხვადასხვა ჯგუფის პროდუქციაზე ფასების მატებამ.

მომხსენებელმა ბიუჯეტის სხვადასხვა პარამეტრებთნ ერთად წარმოადგინა მხარჯავი ორგანიზაციების მიხედვით მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო. პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმაპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტით ძლიერდება სახალხო დამცველის აპარატის მართვის სისტემა.

ცვლილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახალხო დამცველის აპარატისთვის განკუთვნილი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა წლის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მართვის სისტემის გაძლიერების მიზნით იქმნება ახალი თანამდებობა, აპარატის უფროსის სახით, რომელიც უხელმძღვანელებს აპარატს და ის იქნება პროფესიული საჯარო მოხელე, რომლის უფლებამოსილების ვადა არ იქნება დაკავშირებული სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადასთან, რაც უზრუნველყოფს აპარატის მდგრად ფუნქციონირებას და უწყების მენეჯმენტში ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებიდან გამომდინარე ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.

კომიტეტმა დღეს განიხილა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის მიერ წარმოადგენილი ინიციატივა მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო განდერული კვოტების დროებითი ნორმის შემოტანის გზით წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესებას.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს და მხარი დაუჭირეს მისი შემდგომი განხილვის საკითხს. განსხვავებული პოზიცია გამოხატა სხდომის თავმჯდომარემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ, რომლის აზრითაც არ არის სწორი საარჩევნო სიების წარდგენისას რაიმე სახის კვოტირება.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ომარ ჯორბენაძის საკანონმდებლო წინადადებაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მიზანშეწონილად არ ჩათვალა წარმოდგენილი დოკუმენტისთვის მხარის დაჭერა.

banner
წინა სტატიაში16-17 ნოემბერს თბილისში Ministry of Data-ს ჰაკათონი გაიმართება. გამარჯვებული გუნდი პრიზად 2500$ მიიღებს.
შემდეგი სტატიაოთარ დანელია CRCC წარმომადგენლებს შეხვდა