ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართულ სასამართლოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

მოსაზრებები გამოთქვეს საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო სისტემისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ვფიქრობ, რომ ის პროცესი, რომელიც ამ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობს, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყველა საკითხზე ვაღწევთ შეთანხმებას და პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, რომელზეც საბოლოოდ ჩვენი და სამთავრობო სექტორის მოსაზრებები არ აისახება კანონპროექტში“, – განაცხადა – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“-ს წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, შეხვედრა საქმიანი და ნაყოფიერი იყო.

„ვიმსჯელეთ ევროკავშირის რეკომენდაციების მეთერთმეტე პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკული მიმართულებით უფრო აქტიურად გამოყენებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა იდეები, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტების სამუშაო ვერსიები. გვქონდა შესაძლებლობა, გვემსჯელა ამ ინიციატივების ირგვლივ. პრაქტიკულად, არ დარჩენილა საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ვფიქრობთ, ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისითაც, რომ ყველამ შეაფასა ეს, როგორც პოზიტიური ცვლილებების შესაძლებლობა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ კანონმდებლობის დონეზე უფრო მეტად იყოს წახალისებული სასამართლო პრაქტიკაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო აქტიურად და უფრო რელევანტურად გამოყენება,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს – ვაშაძე
შემდეგი სტატიასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიურ ანგარიში განიხილა