“ადამიანის უფლებათა დაცვის მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუცია”-საერთაშორისო კონფერენცია მარგველაშვილმა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და აცხადებს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ცივილურობა, პოლიტიკური კულტურა და უნარი, ააშენონ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, მათ შორის, ომბუდსმენის ინსტიტუტთან ურთიერთობით განისაზღვრება.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გააკეთა, რომელიც „ადამიანის უფლებათა მრავალმანდატიანი ეროვნული ინსტიტუტების ევოლუციასა და გამოწვევებს“ შეეხებოდა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ობმუდსმენის ინსტიტუტის ინტეგრაციის ტენდენციას ევროპულ სისტემებში და მიაჩნია, ამ პროცესის გაძლიერებით კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური კულტურა.

„მნიშვნელოვანია, პარლმანეტმა ყურადღებით მოუსმინოს იმ შენიშვნებს, იმ შეხედულებებს, იმ აზრს, რომელსაც ომბუდსმენი თავის ყოველწლიურ მოხსენებაში დააფიქსირებს.

ბუნებრივია, სახალხო დამცველის ინსტიტუტს გააჩნია და აქვს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მისია, მისია დაგვანახოს ის შეცდომები, ან გადაცდომები, რომელიც მოგვდის ყოველდღიურ ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ამ შენიშვნებს, მინიშნებებს განსაზღვრავს რამდენად ევროპულ პოლიტიკურ კულტურას ვფლობთ და ვავითარებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ობმუდსმენის მოსმენა, მასთან დიალოგი უმნიშვნელოვანესი პროცესია. მთავარია, ამ ურთიერთობაში ჩვენ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა ამ რეკომენდაციებზე, არა მათთან დაპირისპირება, არამედ, რეალური დისკუსიის რეჟიმში შესვლა და რეალურად იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა გახდეს უფრო ცივილიზებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, უფრო მეტად ადამიანის უფლებების დამცველი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ის ინტენსიური დიალოგი, რომელსაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პრაქტიკაში აყალიბებს, იქნება შესმენილი და ქართული პოლიტიკური სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ პროექტს კენჭს 22 აპრილს უყრიან
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” საკონსტიტუციო კომისიის მიერ მათი წინადადებების იგნორირების შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებს