ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის დადგენილი სანქცია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილება გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. კერძოდ, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სანქცია იზრდება დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში, სასჯელის შუალედი გაიზრდება 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან მიმართებაში გამიჯნული არ არის შეძენა შენახვა გასაღება და ერთი სანქციით ისჯება. კანონპროექტის მიხედვით 261 მუხლში იმიჯნება შეძენა, შენახვა და გასაღება. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან 6 წლამდე. დღეს არის ჯარიმა ან ორ წლამდე გამასწორებელი სამუშაო, ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე.

ასევე, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. დღეს არის ჯარმიმა ან ერთწლიანი გამასწორებელი სამუშაო, ხოლო დიდი ოდენობით ამ ნივთიერების გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან დან ცხრა წლამდე, დღეს არის სამიდან დან შვიდ წლამდე. ხოლო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით 10 დან 14 წლამდე, დღეს არის შვიდიდან დან 12 წლამდე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, წელს 91 ნარკოგამსაღებელი მიეცა პასუხისმგებლობაში.

„ეს ცვლილებები არ ემსახურება ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ რაიმე ტიპის სანქციის ან გამკაცრებას ან მათ მიმართ პასუხისმგებლობის დამძიმებას. საუბარია ნარკოგამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე, რომლებიც ყოველდღიურად ყიდიან საწამლავს ჩვენს შვილებზე, ჩვენი საზოგადოების წევრებზე. შესაბამისად, მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს შეურიგებელი, მკაცრი, მათ შორის სანქციების ფარგლებშიც“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

წინა სტატიაშითბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახვიჩია – თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შემოთავაზებული, მხარს არ დავუჭერ