ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, – განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:
ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.
საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.
პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს შედგება
შემდეგი სტატიამოკვლევის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების მოწყობის საკითხი შემდგომი რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება