,, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, საქართველოში როგორც მეგობარი არ უნდა ჩამოდიოდეს”

ბიძინა ივანიშვილი იბრძვის შუა საუკუნეების მეთოდებით

მართლმადიდებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი არის კომუნისტი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგო რატიანმა განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური ასამბლეის სესიაში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობასთნ დაკავშირებით.

მისი თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტებისგან არის.

„დუმაში იყო მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სწორედ ასეთი ერთმორწმუნე მეგობრები ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. კომუნისტი და ოკუპაციის დამკანონებელი არის დღეს „ქართული ოცნების“ ერთმორწმუნე მეგობარი და მას ფიანდაზად ეგება დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის სირცხვილი ჩვენი ქვეყნისთვის. აქ არიან მაგალითად, ჟირინოვსკის პარტიის წევრები. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და მათ ფიანდაზად ეგება ხელისუფლება. ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტიც არის კომუნისტი, რომელსაც აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი აქტი, ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს, მარტივია“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ღონისძიება არ უნდა ჩატარებულიყო.

„ასეთი ორგანიზაცია რუსეთისთვის არის ბერკეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოში როგორც კრავები, როგორც ერთმორწმუნეები და როგორც კეთილისმსურველები, როდესაც საკუთარ იმიჯს ასეთი ორგანიზაციის ქვეშ მალავენ. ორგანიზაცია, რომლის პრეზიდენტიც არის კომუნისტი, ეს არ არის ერთმორწმუნეთა საზოგადოება. მე არ უნდა ვიყო ამ ორგანიზაციაში თანაბარუფლებიანი წევრი. ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ამ ქვეყანაში როგორც მეგობარი, არ უნდა ჩამოდიოდეს, ეს არის მარტივი, მორჩა. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ეს არის მათი საქმე. ჩვენ რას გავაკეთებდით, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ამას მაშინ გაჩვენებთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ სერგეი გავრილოვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული, მას საზღვარზე გააჩერებენ.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია – მდინარაძე
შემდეგი სტატიალევან ვასაძე – მოვუწოდებ შსს-ს, სასწრაფოდ დააპატიმრონ ექსტრემისტები, რადგან ისინი არ ემორჩილებიან უწყების განჩინებას