“ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ”

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს ეწვია და გამოფენა “მე ვხედავ თითებით” გახსნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების უმრავლესობა მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვისაა შექმნილი. პროექტის მიზანი, მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდების კულტურულ-შემოქმედებით პროცესებში ინტეგრაციაა.

მაკა ჩიჩუას გამოფენის ორგანიზატორმა, ცნობილმა მხატვარმა ქეთევან მატაბელმა უმასპინძლა. პირველი ლედი გამოფენის მონაწილე ხელოვანებს ნაშრომების შესახებ გაესაუბრა და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ქეთი მატაბელმა გაუკეთა ორგანიზება ამ შესანიშნავ პროექტს და შეკრიბა საუკეთესო მხატვრები, რომლებმაც უსინათლო ადამაიანებთან ერთად, შექმნეს მათთვის ადაპტირებული გამოფენა.

მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვიდა, შეუძლებელია გადმოსცე სიტყვებით ეს ემოცია. ეს გამოფენა უნდა დაათვალიეროთ, შეეხოთ, იგრძნოთ და შეიქმნათ შთაბეჭდილება.

შემდეგ კი მიხვდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამ ადამიანებს, რომლებიც თითებით ხედავენ, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტის დანახვა შეუძლიათ, ვიდრე ჩვენ”,- აღნიშნა პირველმა ლედიმ.

გამოფენაში მონაწილეობა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებმა და მათმა სუდენტებმა, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების, მათ შორის, უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს და სახვითი ხელოვნების ექსკლუზიური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომელთა უმრავლესობა “ვეფხისტყაოსნის” თემაზეა შექმნილი და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ეძღვნება.

banner
წინა სტატიაშიმრგვალ ბაღთან ტაქსის მძღოლი დაჭრეს
შემდეგი სტატიაამალა-დევდორაკის ხეობაში მძიმე ტექნიკა შეიყვანეს