საქართველოს საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობა პიკს აღწევს. დმანისის ეპისკოპოსის მიერ პატრიარქის მოსაყდრის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა ეხმაურება. მაღალი იერარქი საზოგადოებასა და სასულიერო პირებს მოუწოდებს, სუბიექტური დამოკიდებულებები ღვთის ნებას დაუმორჩილონ და ასახელებს კონკრეტულ ვადას, როდის დასრულდება ეკლესიაში გარდამავალი პერიოდი.
“ძალიან მალე, დაახლოებით 1 კვირაში, მაქსიმუმ, ალბათ, 10 დღეში, მაგრამ უკვე 1 კვირაში საქართველოს ეყოლება ღვთის მადლით ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, უპირობოდ, ვინ როგორც არ უნდა ჩათვალოს ჩემი ნათქვამი, უნდა აღსრულდეს ნება ღვთისა. და თითოეული ჩვენგანი ამისთვის უნდა იღწვოდეს, ამისთვის უნდა ლოცულობდეს. ჩვენ ადამიანები ვართ და გვაქვს რაღაც სუბიექტური დამოკიდებულებები, ერთმანეთის მიმართ და რაღაც მოვლენების მიმართ, თუმცა ხანდახან ამ სუბიექტურს უნდა მოვერიოთ, უნდა მასზე მაღლა დავდგეთ, როდესაც საქმე ეხება ღვთის ნებას. და იმედი მაქვს, რომ ღვთის ნება აღსრულდება.
მე ეს ნება რომ განვავრცო, შეიძლება ვინმესაც მოეჩვენოს, რომ სუბიექტური ვარ, მაგრამ აქ დავასრულებ ამ მოვლენების შეფასებას, თუმცა, ვგრძნობ და ვიცი, ჩემი გადასახედიდან, ჩემი შესაძლებლობებიდან, თუ რა ელოდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას – ერთი არის ცხადი და ერთი არის საჭირო და აუცილებელი, ის, რაც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩვენმა პატრიარქმა, პატრიარქობაში იღვაწა, იშრომა და გააკეთა ჩვენთვის, აი ეს მონაპოვარი არა მარტო მომავალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს, არამედ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს, ჩვენს თავში, საზოგადოებრივ მოღვაწეობაში, ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ყოველი დღე სამყაროსთვის უფრო მძიმე, დატვირთული, განსაცდელებით სავსეა და ეს უკან არ დაბრუნდება.
ეს ასევე გაგრძელდება და კიდევ უფრო მძიმე იქნება კაცობრიობის ცხოვრება და ჩვენ განსაკუთრებული მონაცემები გვაქვს, თუ სამზადისი, თუ მოცემულობა იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ისეთი, როგორიც არ მოგვწონს დღევანდელ სამყაროში. მე დარწმუნებული ვარ, მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდება ჩვენში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გოგიბერია) ქადაგებისას.
ცნობისთვის, გუშინ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, მეუფე ზენომა მეუფე ისაუბრა კანდიტების არჩევის პროცესში ჩარევაზე და თქვა ისიც, რომ პატრიარქის მოსაყდრე საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის.

















