ადამიანები, რომელთათვის უპირატესია სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარება და არა საკუთარი სამშობლოსი, ყველაფერს იკადრებენ – ბრეგაძე

არცერთი თავმოყვარე ადამიანი თუ პოლიტიკოსი არ იკადრებს ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს, საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციონერი გახდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა, რომელსაც ევროკავშირის დროშა აქვს მოფარებული.

„ჩვენ ყველა ამ ადამიანს ხშირად ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. მე უფრო მკვეთრი ვარ მათ შეფასებაში და ხშირად მითქვამს, რომ ეს ადამიანები არიან ბოლშევიკები, რომლებსაც ამ ეტაპზე ევროკავშირის დროშა აქვთ მოფარებული. „ნაციონალური მოძრაობა“ და მთლიანად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა. თუმცა ისინი ამაზე ბევრად შორს წავიდნენ და ჩვენ ვიხილეთ იგივე „ფარას“ მეშვეობით, სააკაშვილს, რომელიც მთელი ამ ბოლშევიკური მოძრაობის ბელადია, ფული აქვს გადახდილი კონგრესმენების დასარწმუნებლად საქართველოს დასანქცირებისთვის. გესმით თქვენ რაზეა საუბარი?! ადამიანი, რომელიც იყო სახელმწიფოს მეთაური, ადამიანი,რომელიც იყო მთავარსარდალი, ფულს იხდიდა საქართველოს დასანქცირებისთვის. შესაბამისად, მთელი ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არის ამ ადამიანის მიმდევარი. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი იმის გამო, რომ სხვა სახელმწიფოში დაეკავებინა მაღალი თანამდებობა. მათ რიგებში ასევე არიან ადამიანები, რომელთაც თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, რადგან შევიდნენ სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებში და ეს არის ოფიციალური ფაქტი.

ადამიანები, რომელთათვის უპირატესია სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარება და არა საკუთარი სამშობლოსი, ყველაფერს იკადრებენ. არცერთი თავმოყვარე ადამიანი, თავმოყვარე პოლიტიკოსი,თუ მთავარსარდალი, არ იკადრებს ხელისუფლების ოპოზიციაში ყოფნის დროს, გახდეს საკუთარი სახელმწიფოს ოპოზიციონერი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და ნუ ამ ხალხის მორალს მე არ განვიხილავ, მათი განვლილი ყველა გზის გათვალისწინებით“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ოპოზიცია იმის მაგალითია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია, პრაქტიკულად სანქციების ქვეშაა – სუბარი