ადამ კინზინგერი: აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე

„აუცილებელია, რომ საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მე ერთგულად ვემსახურები აშშ-საქართველოს მტკიცე და ურყევი მეგობრობის საქმეს“,-ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ თალაკვაძის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ აფასებს ამ მეგობრობას. მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოში ყველა დაინტერესებული/მონაწილე მხარე წავიდეს კომპრომისზე, რათა მიღწეული იყოს მათი მიზანი დემოკრატიასა და თავისუფლებასთან დაკავშირებით.

„ხუთშაბათს მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომლის დროსაც ჩვენ ერთად დავადასტურეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენი საერთო მიზნები. მე მადლობას მოვახსენებ [პარლამენტის] თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით. მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას.

შეხვედრის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მონაწილე სხვადასხვა მხარესთან. მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ჩემთვის ისიც გახდა ცხადი, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები/უთანხმოება.

დემოკრატია იოლი საქმე არ გახლავთ; მართალია, პროტესტი ნორმალური მოვლენაა თავისუფალ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებელია, რომ იგი მშვიდობიანი იყოს. გარდა ამისა, მოქალაქეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანია ყველასთვის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან“,-წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდიდი თოვლის გამო შეფერხებებია ელექტრო მომარაგებაში
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო