ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 13:09

ადა მარშანია თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ადა მარშანიას განცხადებით, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, როდესაც „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროეექტზე სიტყვით გამოდიოდა, თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო და კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა.

„გუშინ საღამოს დარბაზში საზარელი ინციდენტი მოხდა. თხუთმეტიოდე პარლამენტის წევრი იყო და გთხოვთ, ნახოთ გუშინდელი სხდომის ჩანაწერის ის მონაკვეთი, სადაც ემზარ კვიციანი პარლამენტს კანონპროექტს მოახსენებდა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. მეტიც, ემზარ კვიციანს გამოურთო მიკროფონი იმ დროს, როცა კვიციანი ჩვენი სულიერი წინამძღოლის, ჩვენი პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა, ციტირებდა და ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული, არაეთიკური ტექსტი და საქციელი. ხომ შექმენით სათაყვანებელი ეთიკის კომისია? იქ შეგვაქვს საჩივარი და გვინდა, რომ ჩუგოშვილის ეს არაეთიკური და დისკრიმინაციული საქციელი ეთიკის კომისიაზე განიხილონ. აღშფოთებულია მოსახლეობა და ქალბატონო თამარ, თქვენს ბოდიშსაც არ იღებს, იცით თქვენ?!“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას შორის ანტიდისკრიმინაციული კანონპროეექტის განხილვას გუშინ სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სხდომაზე ცვლილებები ემზარ კვიციანმა წარადგინა, რომელიც კანონიდან ტერმინების „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვდა. ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილმა დისკრიმინაციული უწოდა, რასაც ადა მარშანია გამოეხმაურა: „შთაბეჭდილება მექმნება, რომ თქვენ ფასეულობები გამრუდებული გაქვთ; თქვენ კლასიკური აგენტი ხართ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაღუპა“.

პარლამენტში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის მიერ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები დღეს ჩავარდა. მხარი 27 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 13 წავიდა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 13:09

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics