„აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან.“
როგორც დეპუტატებმა ბრიფინგზე განაცხადეს, ხალხთან ერთად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ.
„დაუღალავი და სამაგალითო ახალგაზრდა თაობა ითხოვს: თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას, რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომელსაც თავს ესხმის ხელისუფლება.
გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი.
სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, შეუძლებელია მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება. ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძე.
მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
დღეს არის ერთობის დრო და გვინდა მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას, გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან”,- განაცხადეს დეპუტატებმა.