აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული შვიდი პირი გათავისუფლებულია.ბათუმის საქალაქო სასამართლოს აქციაზე დაკავებული ექვსი პირის ადვოკატმა საქმის გასაცნობად 21 დეკემბრამდე ვადა ითხოვა, ხოლო მეშვიდე დაკავებულის საქმე სასამართლომ განიხილა და 1000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული ხათუნა ბერიძე აცხადებს, ისინი ხვალ საგამოძიებო ორგანოს სექსუალური შევიწროების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.
ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ერთ-ერთ ქალბატონს პოლიციელი სექსუალურად ავიწროებდა.
“ვგეგმავთ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საგამოძიებო ორგანოს მივმართოთ, რადგან პოლიციელის მხრიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე აქციაზე, ჩვენი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ქალბატონს დაკავებისას ავიწროებდა. მოვითხოვთ, რომ გამოძიების დაწყება სწრაფად მოხდეს”, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ
ცნობისთვის, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც აქციის მონაწილე შვიდი პირი დააკავეს.