აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ.

შესაბამისი დოკუმენტი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა 2 მარტს შეიტანეს.

დოკუმენტის შეტანის შემდეგ მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რომელშიც როგორც ტელევიზიის თანამშრომლები და მენეჯმენტის, ასევე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო უნდა ჩაერთოს. შეთანხმება 21 დღეში უნდა შედგეს. თუ ვერ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლები გაიფიცებიან.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ითხოვენ:

საშტატო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას, რაც მაუწყებლიდან გაშვებული თანაშრომლების აღდგენას გულისხმობს.

სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს.

შრომის უფლებების დაცვას, რაც, ტელევიზიის თანამშრომლების თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობასთან პირდაპირ კავშირშია – იმ ადამიანებმა, რომელიც მას ქმნიან, თავი დაცულად უნდა იგრძნონ.

მენეჯმენტმა წარმოადგინოს არხის მართვის სტრატეგიული გეგმა.

“თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ძალიან კარგი. თუ ვერა, კრიზისზე, რომელიც შეიქმნება, პასუხისმგებელი იქნება მრჩეველთა საბჭო და დირექტორი, ბატონი გიორგი კოხრეიძე”, – ამბობს ალტერნატიული პროფკავშირების ხელმძღვანელი, მალხაზ რეხვიაშვილი.

აჭარის ტელევიზიის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ თანამშრომლების მოთხოვნებს არ იცნობს, თუმცა, კონსულტაციებისთვის მზად არის.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ.

მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

banner
წინა სტატიაშიმე ვერ მივცემ რეკომენდაციას, რომ რამე რიტუალი შეიცვალოს, მე ვიძლევი რეკომენდაციას, რომ საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა – გამყრელიძე
შემდეგი სტატია7 მარტამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – გარემოს სააგენტოს პროგნოზი